პარლამენტის წევრი რომელმაც ოთხ ომში იბრძოლა _ ჯუმბერ იზორიას გზა პარლამენტამდე


ავღანეთში სამხედრო კამპანია ,რომელიც  საბჭოთა პროპაგანდის მიერ ,,ინტერნაციონალურ მისიად” მოინათლა, 1979 წლის ზამთარში დაიწყო, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობის დადგენილებით. თუმცა პირველსავე დღეებში საბჭოთა კავშირში თუთიის კუბოთი რამდენიმე ასეული ჯარისაკაცის ცხედარი ჩამოასვენეს.

10 წლიან საბჭოთა ინტერვენციას ავღანეთში ერთი მილიონი ავღანელი და 15 ათასი საბჭოთა სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. 5 მილიონამდე მშვიდობიანი ადამიანი იძულებული გახდა გასცლოდა საბჭოთა ინტერვენციას. 10 წლიანი ომის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაინგრა სასიცოცხლო ობიექტები და მოიშალა ისედაც სუსტი ინფრასტრუქტურა.

პატარა საქართველოდან 1979-1989 წლების ავღანეთის საომარ კამპანიაში 130 ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, თავიდანვე აღმოჩნდა ავღანეთში წამსვლელთა სიაში, როგორც ცნობილია ავღანეთის ომში ძირითადად გლეხის ოჯახებიდან მიჰყავდათ ახალგაზრდები.

,, სიმართლე გითხრათ, ომს ადვილად შევეჩვიე, რადგან  მრავალშვილიან გლეხის ოჯახში დავიბადე, მთელი ჩემი ბავშვობა იყო ბრძოლა სიღარიბესთნ, 2 წელი და 6 თვე ნამდვილად არ იყო ადვილი ომში, ყველაზე ცხელ წერტილში ქალაქ კანდაგარში. თუმცა იქ ბევრი რამე ვისწავლე, რაც მომავალში საქართველოს ერთიანობის დაცვაში გამომადგა“.

რადიო ,,თავისუფლებასთან“ ქართველ ავღანელთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური, მუჯაჰიდებს ახასიათებს როგორც ძლიერ და თავგანწირულ მებრძოლებს და აღიარებს, რომ ავღანელი პარტიზანები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ,,  ჩვენ ვიცოდით, რომ ცოცხლები ვერ ჩამოვიდოდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, ისე ვიომოთ, ქართველი კაცის სახელი არ შევარცხვინოთო“.

ავღანეთის ომის ვეტერანი ბესო დარასელია ჩვენთან საუბარში ამბობს: ,, ჯუმბერ იზორია იყო გამორჩეული მებრძოლი, გულისხმიერი ადამიანი, რომელმაც უამრავი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა ავღანეთში, ავღანეთის ომის დასრულებიდან დღემდე ის გვერდში უდგას და ეხმარება თითოეულ ავღანელს“. 



,,ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ იყო სამაჩაბლოსთვის ომი, მე ვალდებული ვიყავი ჩემი საბრძოლო გამოცდილებით დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს, არც ერთი წამით არ მიფიქრია რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ჩემს სიცოცხლეზე წინ ყოველთვის ჩემი სამშობლოს და ხალხის ინტერესები იდგა, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ სამაჩაბლოსთვის, მაგრამ მჯერა რომ ძალიან მალე დადგება ის დღე, როცა საქართველო დაიბრუნებს თავის დაკარგულ ტერიტორიებს“-ამბობს ჩვენთან საუბარში ჯუმბერ იზორია.

აფხაზეთის ომი — 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი. გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

ჯუმბერ იზორია ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში ,, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო აფხაზეთის ომი, რადგან აფხაზეთი ჩემს ბავშვობასთან და სტუდენტობასთან ასოცირდება, როცა ენგურის ხიდი გადავედით არ ვიცოდი ვინ იყო მტერი, ვის წინაამღდეგ უნდა გვებრძოლა, თუმცა პირველივე შეტაკებაზე მივხვდი რომ საქმე გვქონდა არა აფხაზ სეპარატისტებთან, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ელიტურ დაჯგუფებასთნ, ჩემთვის ცნობილი იყო მათი ბრძოლის მეთოდები ჯერ კიდევ ავღანეთის ომიდან.

აფხაზეთი საქართველოს გულია, მე ჩემს სიცოცხლეს ნებისმიერ წამს დავთმობ აფხაზეთის დაბრუნებისთვის, ჩვენი კავშირი იმდენად ღრმაა აფხაზეთთან რომ ვერანაირი ოკუპაცია ვერ წაშლის ამ კავშირს, იმპერია აუცილებლად დაინგრევა ჩვენ კი ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ“.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: _ შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.

როცა სამშობლოს სჭირდება, ვცდილობ ვიყო იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა- ამბობს ჯუმბერ იზორია და აგვისტოს ომს იხსენებს ,, ღმერთმა ბედად მარგუნა ბრძოლა სამშობლოსათვის, აგვისტოს ომში რუსეთი უკვე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს, მე და ჩემი მეგობრები ვიბრძოდით ამ ომში,  მე ნებისმიერ წუთს მზად ვარ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გავწირო, ჩემი ქვეყნის და ხალხის დასაცავად“.

დღეს 4 ომის ვეტერანი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრია, ამბობს რომ მიუხედავად თანამდებობისა ისიც ისე ცხოვრობს როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

,, 30 წელი ვემსახურე ჩემს სამშობლოს   შეიძლება ითქვას იარაღით ხელში, ყველა ომის მონაწილე ვარ რომელიც აწარმოა დამოუკიდებელმა საქართველომ, დღე პარლამენტში ვცდილობ ვიყო იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც სჭირდება დახმარება, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი რომ ვყოფილვიყავი გაჭირვებული ადამიანების გვერდში, რადგან გლეხის ოჯახში გავიზარდე და ვიცი რას ნიშნავს გაჭირვება, პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და მათ შორის ჩვენს მოსახლეობას, პანდემიის პერიოდში არც ერთი წუთით არ გავჩერებულვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე ფონდი, რომლის ფარგლებში 2500 ოჯახზე მეტს დავეხმარეთ, მოქალაქეებს დავუფინანსეთ  მედიკამენტების შესაძენად თანხები. ეს ჩემი ცხოვრების წესია, ვიყო მართალი ადამიანების, ღმერთისა და სამშობლოს წინაშე“.

Comments are closed.