ექიმი: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ მძიმეა


ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია და მკურნალობა გრძელდება.

“უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბრის საღამოს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ცოტნე გამსახურდიას ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Comments are closed.