გულშემატკივარი აღშფოთებულია – ზუგდიდის ზუგდიდმა სახელი შეიცვალა


საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონიდან ზუგდიდის “ზუგდიდი” ახალი სახელწოდებით, ზუგდიდის “დინამოთი” იასპარეზებს.

ამის შესახებ გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც გულშემატკივართა აღშფოთება მოჰყვა. კლუბის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.

ცვლილება გუნდის სახელწოდებაში-“დინამო” ზუგდიდი. მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, ზუგდიდის “ზუგდიდი”, ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ახალ სეზონზე მას, “დინამო” ზუგდიდი ერქმევა. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, “დინამო”-ს სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე). 1995-96 წწ-ში გუნდმა კვლავ დაიბრუნა “დინამო”-ს სახელი, თუმცა სახელწოდების ხშირი ცვლაც იყო, ხოლო 2000 წლებიდან გუნდი კვლავ ამავე სახელს მიუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა.

2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ “დინამო” ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო”, – წერია ზუგდიდელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონი “ზუგდიდმა” მე-7 პოზიციაზე 40 ქულით დაასრულა.

Comments are closed.