ირაკლი ჩიქოვანი – ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი


მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი იყო უკანონო პატიმრობაში, პირველივე დღიდანვე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურები, ყველა ქვედანაყოფი, რომლის პასუხისმგებლობაშიც ეს თემა შეიძლებოდა, მოხვედრილიყო, ყველა კოორდინირებულად მუშაობდა, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანი გორის პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პირადად შეხვდა.

„ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური კოორდინაცია შეგვენარჩუნებინა ოჯახთან ერთად. ვაწვდიდით მათ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, შედეგი, რა შედეგიც დადგა, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით და ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღებით, არის ყველასათვის მისასალმებელი.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველისთვის ეს არის სასიხარულო ინფორმაცია, რომ  ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფლად შეხვდება თავის ოჯახში ახალ წელს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღება არ მოუდუნებია.

„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ არც ერთ მომენტში ჩვენ არ გვქონია ყურადღება მოდუნებული და ვიყენებდით  ჩვენს ხელთ არსებულ აბსოლუტურად ყველა არხს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. თუმცა გზაში ვხედავდით, რომ სამწუხაროდ, ბევრი ცდილობდა იმაზე კაპიტალიზაციას, თითქოს სახელმწიფო არ აკეთებს და არ მოქმედებს, მაგრამ რეალობაში ვხედავთ, რომ ჩვენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა ძალისხმევამ შევძელით ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა.

პრემიერ-მინისტრმა დაანახა ოჯახს აბსოლუტურად ყველა ის ღონისძიება. მოქმედება და გეგმები, რაც გვქონდა და ჩვენ ვიცოდით, საითკენ მივდიოდით. ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებული იყო. მათთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა, პირადად მეც, როგორც პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო საკითხებში მრჩეველს, ისევე როგორ ზურაბ აბაშიძეს, ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მიმაჩნია, რომ ძალიან კოორდინირებული და ეფექტიანი სამსახური იქნა გაწეული. რა თქმა უნდა, ყველა იმ დინამიკაზე, რაც გვქონდა ვერ ვსაუბრობდით მყისიერად, თუმცა ვხედავთ, შედეგი არის დადებული. პრემიერის დავალებით, თამილა ლაფანაშვილთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან მე მქონდა პერმანენტული კონტაქტი და მაქვს. ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით კონტაქტზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Comments are closed.