ირაკლი ჩიქოვანი – სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია, რომ ყველას, ვისაც სჭირდება, ჩაუტარდეს ტესტირება


ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რათა არსებული მოთხოვნები ჩვენი სამედიცინო ვითარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დავაკმაყოფილოთ ტესტირების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი შეხვდა ეპიდემიოლოგებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

„შეხვედრაზე ყველამ აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც აქამდე იქნა მიღებული არის თანმიმდევრული და ორიენტირებული, რათა ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნას შეკავებული კორონავირუსის გავრცელება, როგორც იმპორტირებულის, ისე ადგილობრივის. ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი შემოთავაზება და საუბარი ე.წ. სწრაფ ტესტებსა და სხვადასხვა სახის ტესტებთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაკეთდა განმარტება როგორც ამირან გამყრელიძის, ისე მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მხრიდან. დღეს ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რათა არსებული მოთხოვნები ჩვენი სამედიცინო ვითარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დავაკმაყოფილოთ ტესტირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველას, ვისაც სჭირდება ჩაუტარდეს ტესტირება.

„შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, სხვადასხვა ადგილობრივი ლაბორატორიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შედეგები წარმატებული ტესტირების პროდუქტებთან მიმართებაში. ეს საუბარი მიმდინარეობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება მომავალი კვირის დასაწყისში, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს სახელმწიფოში არის საკმარისზე მეტი ტესტი, რათა ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება, ჩაუტარდეს ტესტირება. მგონია, რომ პოლიტიკოსებზე უფრო უკეთესად ნამდვილად იციან ეპიდემიოლოგებმა, თუ როდის და რა ფორმის ტესტირება უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. დღეს გვაქვს სრული ნდობა ამ ადამიანების მიმართ, რომ ჩვენ მივდივართ სწორად, რა პროტოკოლებიც ყველაზე უკეთ არის აპრობირებული ტესტირების თვალსაზრისით და მივდივართ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს რომ ჩვენი ტესტირების შესაძლებლობები ქვეყანაში გაიზარდოს უახლოეს პერიოდში,“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

Comments are closed.