ირაკლი ჩიქოვანი – დავოსში პრემიერს წელს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი აქვს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში უკვე დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის ეკონომიკური ფორუმის პროგრამით.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

„ამასთან, იქნება დისკუსიები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

Comments are closed.