ჩრდილოეთ კორეაში დახვრიტეს სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი დაარღვია


ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული სახელმწიფო მოხელე კარანტინის დარღვევის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ Daily Mail-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სავაჭრო სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც კარანტინში ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მოათავსეს. მან საკარანტინო რეჟიმი დაარღვია და საჯარო აბანოში მივიდა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და დაუყოვნებლივ დახვრიტეს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ნებისმიერი პირი, ვინც ქვეყანაში ჩინეთიდან ბრუნდება, კარანტინში თავსდება, ხოლო მათ მიმართ, ვინც კარანტინის რეჟიმს არღვევს, სამხედრო კანონმდებლობას იყენებენ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366-ს მიაღწია. ინფიცირებულია 59 786 ადამიანი, 5899 კი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური დასახელება მიანიჭა. „დღეიდან კორონავირუსს ოფიციალურად COVID-19 ჰქვია“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

Comments are closed.